ზენდეია ერთ-ერთია იმ ვარსკვლავთა შორის, რომლის შესახებაც უარყოფითის თქმა შეუძლებელია. მან თავი განსაკუთრებულად სერიალ ეიფორიაში შესრულებული როლით შეგვაყვარა. ზენდეია ყველაზე ახალგაზრდა მსახიობია, რომელმაც დრამატულ სერიალში საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ემი მოიპოვა. ცოტა ხნის წინ კი ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭომ (CFDA) წლის მოდის სიმბოლოდ დაასახელა.
როგორც ჩანს, ზენდეიას ნიჭი, გატაცება თუ ინტერესები მხოლოდ მსახიობობითა და მოდით არ შემოიფარგლება. ახალ ინტევრიუში ზენდეიამ აღნიშნა, რომ მომავლისთვის კონკრეტული გეგმები არასდროს აქვს და მხოლოდ იმას აკეთებს, რაც როგორც ხელოვანს შთააგონებს და აბედნიერებს. ამჟამად კი ყველაზე მეტად რეჟისორობა იზიდავს.
"მომავალში რაღაცის გადაღების შესაძლებლობა აღმაფრთოვანებს. სწორედ ამიტომ ვარ გადასაღებ მოედანზე ასე ხშირად. როდესაც სცენაში არ ვარ, სწავლას ვცდილობ. აქეთ-იქით დავდივარ და გადამღებ ჯგუფს ვეკითხები: 'დღეს რას აკეთებთ? შეგიძლიათ, ამიხსნათ?' იმედი მაქვს, მომავალში შემეძლება შევქმნა ის, რისი ნახვაც მინდა", — ამბობს ზენდეია.
კითხვაზე, თუ რისი გადაღება უნდოდა, ზენდეიამ აღნიშნა, რომ ორი შავკანიანი გოგოს სიყვარულის ისტორიის გადაღებაზე ფიქრობს.
"არ მინდა, იმაზე ღრმა იყოს, ვიდრე უბრალოდ ორი ადამიანის სიყვარულის ისტორია. რაღაც მარტივი და ლამაზი იქნება, რომელიც გაბედნიერებს და თავადაც განდომებს, რომ შეგიყვარდეს", — ამბობს ზენდეია.
სანამ ზენდეია რეჟისორობითაც გაგვაოცებდეს, მანამდე მისი გულშემატკივრები ეუფორიის მეორე სეზონსა და ადამიანი ობობას ახალ ფილმს, სახელად Spider Man: No Way Home-ს ელიან. როგორც ყოველთვის, ახლაც დარწმუნებული ვართ, რომ ზენდეია იმედს ნამდვილად არ გაგვიცრუებს.