ალეკ ბოლდუინის განცხადებით, ფილმ Rust-ის გადაღებები გრძელდება

ალეკ ბოლდუინის განცხადებით, ფილმ Rust-ის გადაღებები გრძელდება

ამერიკელი მსახიობის ალეკ ბოლდუინის განცხადებით, ფილმ Rust-ის გადაღებები გრძელდება. ასეთი გადაწყვეტილება გადამღებმა ჯგუფმა ოქტომბერში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მიიღო, როცა გადასაღებ მოედანზე ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი გარდაიცვალა.

გადამღები ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი გმობენ მედიაში გამოქვეყნებულ კრიტიკულ პუბლიკაციებს.

„ახლა ყველაზე მთავარია, ჰალინა ჰატჩინსის ხსოვნას ვცეთ პატივი და დავხვეწოთ კინოინდუსტრიაში არსებული უსაფრთხოების ტექნიკა“, - აღნიშნულია Rust-ის გადამღები ჯგუფის მიმართვაში.

ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე სარეკვიზიტო იარაღით 22 ოქტომბერს მოკლა. რეჟისორი ჯოელ სოუზა კი დაჭრა. ფილმის გადამღები კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ინციდენტი იმ სცენის გადაღების დროს მოხდა, როდესაც ბოლდუინს ცარიელი ვაზნებით უნდა ესროლა.

იარაღი, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი, ბოლდუინს რეჟისორის თანაშემწემ, დეივ ჰოლსმა გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო. რეალურად მჭიდში საბრძოლო ვაზნები იდო. მოგვიანებით ბოლდუინმა განაცხადა, რომ მას ჩახმახისთვის თითი არ გამოუკრავს.