ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით პანდემიისას, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს ადრინდელ სამუშაოზე, რამაც უკვე ერთგვარი სოციალური ფენომენის სახეც კი მიიღო. როგორც ჩანს, პრინცი ჰარი ყველა ასეთ გადაწყვეტილებას უჭერს მხარს, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის საკეთილდღეოდ მიიღეს.
ჯერ კიდევ ამ წლის დასაწყისში გახდა ცნობილი, რომ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი სტარტაპის Better Up Inc. განვითარებაში მიიღებდა მონაწილეობას, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის საკითხებითაა დაინტერესებული. ახალ ინტერვიუში მან სწორედ ამჟამინდელ გამოწვევებზე ილაპარაკა:
"ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ ეს მდგომარეობა ბოლო ორმა წელმა გაამწვავა, თუმცა, სინამდვილეში, ეს პრობლემები გაცილებით დიდხანს გროვდებოდა. ეს უბრალოდ მენტალური ჯანმრთელობის საკითხებზე ყურადღების სათანადოდ მიქცევის დასაწყისია. როგორც იქნა, ადამიანები ამ პრობლემებს უკვე სერიოზულად აღიქვამენ", — განაცხადა მან.
პრინცი ჰარის თქმით, მას თავისმა ახალმა სამსახურმა ერთ მნიშვნელოვან რამეს მიახვედრა:
"სამუშაოს მიტოვება ყოველთვის ცუდ რამეს არ ნიშნავს. რეალურად, ეს გვაჩვენებს, რომ ცვლილებებია საჭიროა. მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი ასრულებს იმ სამუშაოს, რომელსაც მათთვის სიამოვნება არ მოაქვს და ახლა ისინი ამაზე უარს ამბობენ და წინ თავიანთ მენტალურ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას აყენებენ".
ჰარი აღნიშნავს, რომ ის ასევე იმუშავებს კიდევ ერთ განსაკუთრებულ ჯგუფთან, ვეტერანებთან, რათა მისმა კომპანიამ შეძლოს, რომ ამ ჯგუფს შესაფერისი რესურსები შესთავაზოს ცხოვრების სრულფასოვანი ხარისხით გასაგრძელებლად.