მერილინ მენსონის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ფაქტზე საქმეების აღძრა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა People ავრცელებს.
ლოს-ანჯელესის შერიფის დეპარტამენტმა People-ს დაუდასტურა, რომ სამხილის ძიების მიზნით ლოს ანჯელესში, 52 წლის მუსიკოსის სახლში ჩხრეკა განხორციელდა. ჩხრეკა მენსონის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან უკავშირდება. მას 15-ზე მეტი ქალის, მათ შორის „ოქროს გლობუსის“ სამგზის ნომინანტის, ივან რეიჩელ ვუდსის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ედება ბრალი.
TMZ-ის ინფორმაციით, მენსონი ჩხრეკის დროს სახლში არ იმყოფებოდა. მომღერალმა თვის დასაწყისში ჰოლივუდში მდებარე სახლი გაყიდა და ამ დროისთვის უცნობია, იყო თუ არა ეს იგივე სახლი, რომელიც სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს. მისი წარმომადგენელი მედიასთან კომენტარს ამ დროისთვის არ აკეთებს.
მენსონის წინააღმდეგ ამჟამად სამი საქმეა აღძრული, მათ შორის მისი ყოფილი მეგობარი ქალის - ეშლი მორგან სმითლაინისა და სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ესმე ბიანკოს ბრალდებების საფუძველზე. მომღერალი წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს.
„ჩემი ინტიმური ურთიერთობები თანამოაზრე პარტნიორებთან ყოველთვის ორივე მხარის თანხმობით ხორციელდებოდა. მიუხედავად იმისა თუ როგორ ან რატომ ირჩევენ ისინი, რომ არასწორად წარმოადგინონ ნამდვილი წარსული“, - ასე გამოეხმაურა მომღერალი ბრალდებებს საკუთარ Instagram-ზე.