ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის ურთიერთობა დიდი ინტერესის საგნად 2016 წლიდან იქცა, როცა ამბერმა განქორწინება მოითხოვა და შემდეგ ყოფილი ქმარი ძალადობაშიც დაადანაშაულა. მალე ამ გახმაურებული საქმით დაინტერესებულ ადამიანებს ორსერიანი დოკუმენტური ფილმის Johnny vs Amber ნახვა შეეძლებათ, რომელიც წყვილის დაშორების ისტორიას მოგვითხრობს.
"წყვილის დაშორების გახმაურებულ ისტორიას ორი დაპირისპირებული პერსპექტივიდან მოვისმენთ. ჯონი თავის სერიაში იმაზე მოგვითხრობს, თუ როგორ აღმოჩნდა მატყუარა ადამიანთან ქორწინებაში, რომელიც საკუთარი იმიჯის დასაცავად ყველაფერზეა წამსვლელი. ამბერ ჰერდი კი იმის შესახებ ისაუბრებს, ქორწინების შემდეგ როგორ იქცა მისი ოცნების მამაკაცი მოძალადე წამალდამოკიდებულ მონსტრად", — ვკითხულობთ Discovery+-ის განცხადებაში, რომელიც ფილმს წარმოგვიდგენს.
დოკუმენტურ ფილმში ორივე მხარის ადვოკატები და წყვილთან დაახლოებული ადამიანები ისაუბრებენ. გარდა ამისა, თავად ამბერ ჰერდისა და ჯონი დეპის ინტერვიუებსა და აუდიოჩანაწერებს მოვისმენთ.
"სერიალში იმ ეპიკური ბრძოლის შესახებ სიღრმისეულ ისტორიებს მოვისმენთ, რომელმაც ფანების კამპანიები #JusticeforJohnnyDepp და #IStandWithYouAmberHeard შექმნა. პროდიუსერულმა კომპანია Optomen-მა ფანტასტიკურად შეძლო ამ ისტორიაზე ფილმის გადაღება, რომელიც ერთდროულად ამაღელვებელიცაა და შემზარავიც", — ამბობს Discovery+-ის წარმომადგენელი.
"ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის ისტორია დღემდე აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ფილმის გადაღება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მაყურებელმა ამბავი ორივე პერსპექტივიდან მოისმინოს, ამ ადამიანებზე მეტი გაიგოს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოს, რომელ ისტორიას დაუჯერებს", — ვკითხულობთ Discovery+-ის განცხადებაში.