5 ნოემბერს ქალაქ ჰიუსტონში Astroworld-ის მუსიკალურ ფესტივალზე რეპერ ტრევის სკოტის კონცერტი ტრაგედიად იქცა. ხალხმრავალი ღონისძიების დროს, ჭყლეტასა და ქაოსში 10 ადამიანი გარდაიცვალა, ასობით კი დაშავდა. ფესტივალზე დაზარალებული 125 ადამიანი სარჩელით $750 მილიონს ითხოვს.
სარჩელში მოპასუხეებად ტრევის სკოტის გარდა, რეპერი დრეიკი, აგრეთვე ფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერები, მათ შორის, Apple Music-ია დასახელებული. 125 მოსარჩელეს შორის ფესტივალზე გარდაცვლილი 21 წლის აქსელ აკოსტას წარმომადგენელიცაა.
"დაზარალებულები იმ ღამით Astroworld-ის ფესტივალზე გასართობად წავიდნენ. არც ისინი და არც მათი ოჯახები არ გააფრთხილეს, რომ ძალიან საშიშ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ", — ვკითხულობთ სარჩელში.
სარჩელის მიხედვით, აქსელ აკოსტა "წაქეზებული, დაუმორჩილებელი და ხელიდან წასული ბრბოს" მსხვერპლი გახდა და ადგილზევე გარდაიცვალა, თუმცა ღონისძიება კიდევ 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. სარჩელში ისიცაა აღნიშნული, რომ არც ერთმა პასუხისმგებელმა პირმა არ უზრუნველყო დამსწრე საზოგადოების უსაფრთხოება.
ფესტივალის დასრულების შემდეგ ტრევის სკოტმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა მომხდარის შესახებ და განადგურებული იყო. მისი ადვოკატის თქმით, ტრევისი სიმღერას მხოლოდ იმიტომ აგრძელებდა, რომ მისთვის მომხდარზე არავის არაფერი უთქვამს. ადვოკატმა აღნიშნა, რომ როცა, როგორც იქნა, ტრაგიკულმა ამბავმა სცენასთან მყოფ თანამშრომლებამდე მიაღწია, ტრევის სკოტიც გაჩერდა.
მოგვიანებით ტრევის სკოტი საზოგადოებას გარდაცვლილი 10 ადამიანის დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებასა და დამსწრეთათვის ბილეთიების საფასურის დაბრუნებას დაჰპირდა.
ტრევის სკოტის განცხადებას განცხადებითვე უპასეხა გარდაცვლილი აქსელ აკოსტას ოჯახმაც. სარჩელის მიხედვით, აკოსტას ოჯახს ერჩივნა, რეპერს თანხა უსაფრთხოების ღონისძიებებისთვის დაეხარჯა იმის ნაცვლად, რომ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების პირობა გაეცა.
ეს ტრევის სკოტისა და ფესტივალის მონაწილეებსა თუ ორგანიზატორების მიმართ აღძრულ სარჩელთაგან მხოლოდ ერთ-ერთია. მოსარჩელეთა წარმომადგენლის, ადვოკატ ტონი ბაზბის თქმით, კიდევ ერთ სარჩელს ამზადებს, რომელშიც 100-ზე მეტი მოსარჩელის უფლებებს დაიცავს.
ცოტა ხნის წინ სასამართლოში სარჩელი 23 წლის კრისტიან პარედესმაც შეიტანა, რომელიც კონცერტზე მძიმედ დაშავდა. დაზარალებული პარადესი სარჩელში აღნიშნავს, რომ როცა ბრბო უკონტროლო გახდა, ორგანიზატორების მიერ დანიშნული დაცვის თანამშრომლები დახმარების თხოვნის მიუხედავად, კონცერტზე მისულ მსმენელებს ყურადღებას არ აქცევდნენ. მოსარჩელე იმასაც აღნიშნავს, რომ ქაოსს თავად მომღერლის მოწოდებები იწვევდა.