ინგლისელმა მომღერალმა, ადელმა, The Face-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, რატომ არ აქტიურობს ონლაინსივრცეში და ამჯობინებს, სოციალური ქსელებისგან თავი შორს დაიჭიროს.
"უცებ აღმოვაჩენდი, რომ დღის განმავლობაში შესასრულებელი საქმეები არ გამიკეთებია", — ამბობს ადელი, — "[სოციალური მედია] იმისთვისაა შექმნილი, რომ დამოკიდებული გაგხადოს. ამას კი მშვენივრად ახერხებს".
ადელის თქმით, შეიძლება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ჰქონოდა გასაკეთებელი, თუმცა, საქმეს ვერაფრით ასრულებდა, რადგან "ვიღაცის ცხოვრებაში იყურებოდა".
"უყურებ ვიღაცის გაკეთებულ ფრჩხილებს, ინტერიერის დიზაინს ან საათობით კითხულობ ახალ ამბავს, რომელიც სამყაროზე ცუდის მეტს არაფერს გაფიქრებინებს".
ამის ნაცვლად კი, მომღერლის თქმით, ურჩევნია, საკუთარ თავზე და საქმეზე კონცენტრირდეს.
"არ მინდა იმ ხალხს ვესაუბრო, ვისაც არ ვიცნობ", — დასძენს მომღერალი, — "ეს არ მაწყობს. ადამიანური შეხება მჭირდება. არ მინდა, ოთახში ტელეფონზე ჩამოკიდებული ვიჯდე და უფრო მეტ უცნობს ველაპარაკო, ვიდრე ნაცნობს".