ჰარი პოტერის საიუბილეო გადაცემაში ჯოან როულინგი არ მიუწვევიათ

ჰარი პოტერის საიუბილეო გადაცემაში ჯოან როულინგი არ მიუწვევიათ

სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად საგანგებო გადაცემას ამზადებენ, რომელშიც მონაწილეობას ბლოკბასტერის მსახიობები და ფილმებზე მომუშავე სხვა ადამიანები მიიღებენ. თუმცა, სიაში ერთი დანაკლისი თვალშისაცემია — აქ ჯადოსნური სამყაროს შემქმნელ ჯოან როულინგს არ ახსენებენ. როგორც ჩანს, პოტერიადის იუბილე ისტორიის შემქმნელის გარეშე აღინიშნება.

მწერლის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს, ხოლო Warner Bros. მედიას საერთოდ არ გამოხმაურებია.

საიუბილეო გადაცემაში, სახელწოდებით ჰარი პოტერის მე-20 იუბილე: ჰოგვორტსში დაბრუნება ლეგენდარული ტრიო გაერთიანდება — დენიელ რედკლიფი, რუპერტ გრინტი და ემა უოტსონი. ამასთან, გადაცემაში, სადაც ფილმების შექმნის ისტორიას, საინტერესო მომენტებსა და კადრს მიღმა ამბებს მოჰყვებიან, მონაწილეობას მიიღებენ რეჟისორი კრის კოლამბუსი, ჰელენა ბონემ კარტერი (ბელატრის ლესტრეინჯი), რობი კოლტრეინი (ჰაგრიდი), რეიფ ფაინზი (ვოლდემორი), ჯეისონ აიზეკსი (ლუციუს მალფოი), გარი ოლდმანი (სირიუს ბლექი), იმელდა სტონტონი (დოლორეს ამბრიჯი), ტომ ფელტონი (დრაკო მალფოი) და სხვები.

გადაცემა ახალ წელს, 1-ლ იანვარს გამოვა HBO Max-ზე, მოგვიანებით კი, მას უკვე სხვა ციფრულ სტრიმინგ პლატფორმებზეც ვიხილავთ. ჰოგვორტსში დაბრუნება წინ უძღვის ჯადოსნური ცხოველების სერიის მესამე ფილმის, დამბლდორის საიდუმლოებანი, გამოსვლას.

იმის მიუხედავად, რომ ჰარი პოტერი წლების შემდეგაც რჩება ფანების საყვარელ ისტორიად, ბოლო წლებში საგის ავტორი, ჯოან როულინგი, კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. მიზეზი დიდწილად მისი შეხედულებები გახდა — მწერალი არაერთხელ დაადანაშაულეს ტრანსფობიაში.

თავდაპირველად, ამის საფუძველი მკვლევარ მაია ფორსტეიტერის დაცვა გახდა. ეს უკანასკნელი სამსახურიდან ტრანსფობიური განცხადების — "კაცებს ქალად გახდომა არ შეუძლიათ" — დაითხოვეს. მოგვიანებით, როულინგმა ტვიტერზე დაწერა, რომ "ადამიანებისთვის, რომელთაც მენსტრუაცია აქვთ, შესაფერისი სიტყვა უკვე გვქონდა". ბოლოს, მწერალი თავის დეტექტიურ რომანში ბოროტმოქმედად "ქალად გადაცმული კაცის" გამოყვანისთვის გააკრიტიკეს.

მწერლისადმი "მიმართული სიძულვილის ტალღა" არაერთმა ცნობილმა ადამიანმა, მათ შორის, ჯადოსნური არსებების მსახიობმა ედი რედმეინმა დაგმო.

აღსანიშნავია, რომ ჯოან როულინგმა ჰარი პოტერის შემდეგ ზრდასრულებისთვის განკუთვნილი რომანი დაწერა, დაიწყო დეტექტიური რომანების სერია რობერტ გელბრეითის ფსევდონიმით და გამოსცა ორი საბავშვო წიგნი — მათ შორის ბოლო, The Christmas Pig, წინა თვეში გამოიცა.

ჰარი პოტერის წიგნების სერია, რომელიც შვიდ წიგნს მოიცავს და 1997 წლიდან 2007 წლამდე გამოიცემოდა, დღემდე მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად საგად მსოფლიოში. მსოფლიოში სერიის 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. წიგნების მიხედვით გადაღებულმა 8 ფილმის შემოსავალმა ჯამში $7,7 მილიარდს გადააჭარბა.