შტრაუსიდან გრიგოლ რობაქიძემდე

შტრაუსიდან გრიგოლ რობაქიძემდე

საქართველოს კინოსა და თეატრის მუზეუმში 4 უნიკალური ხელნაწერი გამოიფინა .

როგორც მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ განაცხადა, აღნიშნული ხელნაწერები უნიკალურია და მათი არსებობა საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობი იყო.

 

ერთი ბარათი 1892 წლით დათარიღებული ოთხსტრიქონიანი ხელნაწერია, რომლის ავტორი მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორი იოჰან შტრაუსია. დოკუმენტის ნამდვილობა ვენის შტრაუსის კვლევის ინსტიტუტმა უკვე დაადასტურა.

შტრაუსის ხელნაწერი საქართველოში მეორე მსოფლიო ომის დროს, ლენინგრადის ბლოკადის პერიოდში, კომპოზიტორმა სანდრო მირიანაშვილმა ჩამოიტანა. როგორც ირკვევა, აღნიშნული ხელნაწერი მირიანაშვილს უკანასკნელ ულუფა პურში გაუცვლია.

 

მეორე დოკუმენტი გრიგოლ ორბელიანს ეკუთვნის და ის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დაუწერია. წერილში აღნიშნულია მე-19 საუკუნის დასასრულს საქართველოში რუსეთის კოლონიზატორული განზრახვებისა და პოლიტიკის საკითხები. რარიტეტულ ხელნაწერში ორბელიანი ვასილ კარბელაშვილთან ერთად ცდილობს ქართული საგალობლების დაცვა-გადარჩენას და ეწინააღმდეგება ქართულ ეკლესიებში რუსულ ენაზე წირვა-ლოცვის ჩატარების ფაქტებს.

 

დანარჩენი 2 წერილი კი გრიგოლ რობაქიძეს ეკუთვნის. ხელნაწერში საბჭოთა ხელისუფლების ტოტალიტარიზმსა და ხელოვანების დევნაზეა საუბარი. ერთ-ერთ წერილში გრიგოლ რობაქიძე შალვა დადიანს "ჩეკა"-სთან უთანხმოების დეტალებს აცნობს.