„ფორსაჟის“ ვარსკვლავმა ვინ დიზელმა ყოფილ კოლეგას, დუეინ ჯონსონს საგის გაგრძელებაში დაბრუნებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მსახიობებმა 2016 წელს, „ფორსაჟის“ მერვე ნაწილის გადაღებებზე შემოქმედებითი უთანხმოების ნიადაგზე ძლიერად იკამათეს და მათი ურთიერთობა დღემდე დაძაბულია.
მას შემდეგ ჯონსონი, რომელიც „ფორსაჟის“ 5-8 ნაწილებში სპეცაგენტ ჰობსის როლს ასრულებს დიზელთან ერთ კადრში აღარ გამოჩენილა.
Instagram-ზე გამოქვეყნებულ მიმართვაში დიზელმა ჯონსონს „უმცროსი ძმა“ უწოდა და თქვა, რომ მისი შვილებისთვის ის სამუდამოდ „ბიძია დუეინად“ დარჩება. დიზელმა აღნიშნა, რომ პირობის შესრულება სურს, რომელიც თავის გარდაცვლილ მეგობარს და „ფორსაჟის“ კიდევ ერთ ვარსკვლავს პოლ უოკერს მისცა და საგის საუკეთესო ფილმი გადაიღოს.
„შენ ამ ფილმში უნდა გამოჩნდე. არ დატოვო ფილმი, შენ ხომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი გაქვს. ვერავის ითამაშებს ჰობსს, როგორც შენ. იმედია არ მიღალატებს და შენს დანიშნულებას აღასრულებ“, - მიმართავს დიზელი ჯონსონს.
ჯონსონს დიზელის მიმართვაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ივლისში აცხადებდა, რომ „ფორსაჟში“ აღარ დაბრუნდება. მეათე „ფორსაჟის“ პრემიერა 2023 წლის აპრილში იგეგმება.