ჰარი პოტერის რეჟისორს ახალი ნაწილის გადაღება ძველი სამეულის მონაწილეობით უნდა

ჰარი პოტერის რეჟისორს ახალი ნაწილის გადაღება ძველი სამეულის მონაწილეობით უნდა

14 ნოემბერს ჰარი პოტერის პირველ ფილმს — ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა — 20 წელი უსრულდება. ზუსტად 20 წლის წინ დაიწყო ჯოან როულინგის ჯადოსნური წიგნების ეკრანიზაცია, რომელმაც ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მაყურებელს დაუვიწყარი ისტორია აჩუქა. ამ თარიღთან დაკავშირებით, პირველი ორი ფილმის რეჟისორმა, კრის კოლუმბუსმა განაცხადა, რომ ძალიან უნდა, ჰარი პოტერის ახალი ფილმი ძველი სამეულის — დენიელ რედკლიფის (ჰარი პოტერი), ემა უოტსონისა (ჰერმიონ გრეინჯერი) და რუპერტ გრინტის (რონ უისლი) მონაწილეობით გადაიღოს.

გამოცემა Variety-სთან ინტერვიუში რეჟისორმა თქვა, რომ ახალი ფილმის გადაღება პიესა ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვის მიხედვით უნდა, რომელშიც მოქმედება სიკვდილის საჩუქრების მოვლენებიდან 19 წლის შემდეგ ვითარდება. მან ისიც აღნიშნა, რომ მსახიობები ფილმში სათამაშოდ შესაბამის ასაკში არიან.

"დიდი სიამოვნებით გადავიღებდი დაწყევლილ ბავშვს. შესანიშნავი პიესაა და როლების მოსარგებად ბავშვებიც შესაბამის ასაკში არიან. ეს ჩემი პატარა ნატვრაა", — ამბობს კრის კოლუმბუსი.

ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი ჰარისა და დრაკო მალფოის შვილებზე მოგვითხრობს, თუმცა ნაწარმოებში ჩვენს საყვარელ სამეულსაც ვხვდებით. პიესის მიხედვით სპექტაკლიცაა დადგმული, რომელიც ჰარი პოტერის გულშემატკივრებს შორის უდიდესი პოპულარულობით სარგებლობს.

ჰარი პოტერის სერიის ბოლო ფილმი — ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრების მე-2 ნაწილი 2011 წელს გამოვიდა. ზუსტად 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დენიელმა, ემამ და რუპერტმა თავიანთი ცნობილი პერსონაჟების როლები ბოლოს მოირგეს. თუმცა რეჟისორის განცხადების შემდეგ, ვინ იცის, იქნებ ჩვენი საყვარელი გმირები ამჯერად ზრდასრულების ამპლუაში მართლაც ვიხილოთ.