ლეგენდარული სიტკომის, Friends-ის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ჩენდლერის როლის შემსრულებელი გულშემატკივრებს საკუთარი ცხოვრების შესახებ ავტობიოგრაფიული წიგნით მოუყვება, რომელიც 2022 წლის შემოდგომაზე გამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Deadline ავრცელებს.
მეთიუ პერის წიგნის სახელი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის ვიცით, რომ მემუარებით მსახიობი მეგობრების შესახებ ბევრ კადრს მიღმა ისტორიას გაგვიმხელს. ასევე, მოგვიყვება ნარკოდამოკიდებულებაზე, მასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მრავალწლიან ბრძოლაზე.
რაც მთავარია, საკუთარი ცხოვრებისა და კარიერის თითოეულ დეტალს მეთიუ პერი გულწრფელობით, განუმეორებელი ენამახვილობითა და იუმორით გაგვაცნობს.
როგორც ცნობილია, მეთიუ პერიმ ნარკოდამოკიდებულებასთან საბრძოლველად სარეაბილიტაციო კურსი 1999, მოგვიანებით კი 2001 წელს გაიარა. მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ აღნიშნული პრობლემის გამო მეგობრების რამდენიმე სეზონის გადაღებები თითქმის საერთოდ არ ახსოვდა.
მეთიუ პერიმ მაყურებლებს თავი მეგობრებში ჩენდლერის როლით დაამახსოვრა, რომელსაც 1994 წლიდან 2004 წლამდე განასახიერებდა. 2021 წელს ის სხვებთან ერთად მეგობრების სპეციალურ ეპიზოდშიც გამოჩნდა. პერი, ასევე, ისეთ სერიალებში თამაშობდა, როგორებიცაა Studio 60 on the Sunset Strip, Mr Sunshine, The Odd Couple და სხვ.