იმის პარალელურად, რომ მთელი მსოფლიო ნეტფლიქსის Squid Game-ითაა (კალმარის თამაში) გატაცებული, ექიმები მშობლებს ურჩევენ, რომ ბავშვებს სერიალის ნახვის უფლება არ მისცენ. სამხრეთკორეული დრამა კალმარის თამაში ტელეეკრანებზე მხოლოდ ერთი თვის წინ გამოჩნდა, თუმცა ნეტფლიქსის მიხედვით, უკვე 111 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.
მართალია, ნეტფლიქსმა თავის სტრიმინგ სერვისზე მიუთითა, რომ კალმარის თამაშის ნახვა 17 წლამდე მოზარდებისთვის მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ სერიალმა უფრო პატარა ასაკის ბავშვებამდე მისასვლელი გზა მაინც იპოვა, რაც ბევრი ექიმისთვის შემაშფოთებელია. ისინი გვირჩევენ, რომ არასრულწლოვანებმა კალმარის თამაში თუნდაც მშობლების თანდასწრებითაც კი არ უნდა ნახონ.
"ძალადობის დონე შემზარავია. ეს არის მკვლელობის დემონსტრაცია იმ პირობით, რომ 400-ზე მეტი ადამიანიდან მხოლოდ ერთი შეიძლება გადარჩეს", — ამბობს ბავშვთა გონებრივი განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი დეივიდ ანდერსონი სერიალზე საუბრისას.
აშშ-ს მარეგულირებელმა კომპანიამ, რომელიც გადაცემებსა და ფილმებს დასაშვები ასაკის მიხედვით აფასებს, სერიალში ძალადობის დონეს "ძალიან ინტენსიური" უწოდა. "გმირებს სისტემატურად აწამებენ და კლავენ, ასევე სექსუალური ძალადობის ნიშნებსაც ვხედავთ. გარდა ამისა, მთავარი აქცენტი აზარტულ თამაშებზე, მოგებასა და თაღლითობაზე კეთდება" , — აღნიშნული იყო კომპანიის ვებგვერდზე.
ზოგ სკოლაში სერიალის წინააღმდეგ უკვე გარკვეული ზომები მიიღეს. ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ კერძო სკოლაში კალმარის თამაშის შესახებ დისკუსია აიკრძალა. ინგლისში კი განათლების უსაფრთხოების საბჭო მშობლებს ურჩევს, რომ ბავშვებს სერიალის ყურების უფლება არ მისცენ, რადგან ისინი ძალადობრივ სცენებს ხშირად იმეორებენ.