არჩევნები ეფექტურად და გამჭვირვალედ იყო მართული. არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ატმოსფერო უმეტესწილად იყო მშვიდი, თუმცა ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, განსაკუთრებით სოფლების ტერიტორიებზე, პარტიული აქტივობები საარჩევნო უბნების მიმდებარედ, რასაც, შესაძლოა, ამომრჩეველზე ზეგავლენა მოეხდინა, - ამის შესახებ არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის (ENEMO) მისიის ხელმძღვანელმა დრიტან ტაულამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების პირველადი შეფასებები და დასკვნები წარადგინა.
მისი თქმით, საარჩევნო კამპანიას თან სდევდა ამომრჩევლებისა და კანდიდატების მიმართ ბრალდებები, დაშინება და ზეწოლა.
„2021 წლის ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში, დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გარანტია. საარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა მაღალი პოლარიზაციით ქვეყანაში არსებული ზოგადი მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე. დომინირებდა ზოგად ეროვნულ პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ზიანს აყენებდა ადგილობრივ საკითხებსა და მოსახლეობის საჭიროებებთან დაკავშირებულ დისკუსიას. კამპანიას თან სდევდა ამომრჩევლებისა და კანდიდატების მიმართ ბრალდებები, დაშინება და ზეწოლა. არჩევნები ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩატარდა, რომლის კულმინაცია მოხდა გასული წლის საპარლამენტო არჩევნებისა და საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტის შემდეგ. წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციით და მთავარი პოლიტიკური მოთამაშეების ერთმანეთის მიმართ ღრმა უნდობლობით,“- აღნიშნა დრიტან ტაულამ.
მისივე თქმით, ორგანიზაცია არჩევნებთან დაკავშირებით სრულ განცხადებას მოგვიანებით გამოაქვეყნებს.
- სად სად იმართებოდა ეს დისკუსია, საარჩევნო უბნებზე? თუ - ყუთებთან, ბიულეტენის ჩაგდებისას? :)
ის ანეკდოტი გამახსენდა, მილიციელად გაფორმების წინ გამოცდას რომ უწყობენ ტიპს, - აბა, მაგ სტოლბას თუ მოსდებ შარსო? - რო დაყუდებულხარ ქუჩაში უსაქმურადა, ტოტები რა უყავი?!