„პანდორას დოკუმენტები“ - ICIJ-ი 35 მოქმედი და ყოფილი მსოფლიო ლიდერის ოფშორულ ანგარიშებთან კავშირების შესახებ დოკუმენტებს აქვეყნებს

„პანდორას დოკუმენტები“ - ICIJ-ი 35 მოქმედი და ყოფილი მსოფლიო ლიდერის ოფშორულ ანგარიშებთან კავშირების შესახებ დოკუმენტებს აქვეყნებს

გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) 35 მოქმედი და ყოფილი მსოფლიო ლიდერის ოფშორულ ანგარიშებთან კავშირების შესახებ დოკუმენტები გამოაქვეყნა („პანდორას დოკუმენტები“).

გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის მიერ გავრცელებული მასალები მსოფლიოს 91 ქვეყანაში 330-ზე მეტი პოლიტიკოსის ფინანსური ოპერაციების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

საერთაშორისო გამოძიებაში 600-ზე მეტი ჟურნალისტი მონაწილეობდა. მათ 11 მილიონზე მეტი კონფიდენციალური დოკუმენტი მოიპოვეს.

ამ მომენტისთვის გავრცელებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ იორდანიის მეფე აბდულამ ოფშორული ანგარიშები გამოიყენა, რათა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ძვირადღირებულ სახლებში 100 მილიონზე მეტი დოლარი დაეხარჯა.

დოკუმენტებში ასევეა მოცემული ინფორმაცია ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ ბაბიშზე, რომელმაც ოფშორული ანგარიშების გამოყენებით 22 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება შეიძინა საფრანგეთში, კანის მახლობლად.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე მოხსენიებულია „პანდორას დოკუმენტებში“. დოკუმენტების თანახმად, საარჩევნო კამპანიის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფშორულ კომპანიაში თავისი 25%-იანი წილი ახლო მეგობარს გადასცა, რომელიც ახლა პრეზიდენტის მთავარ მრჩევლად მუშაობს.