ყველა - უცხოელი თუ შინაური მეგობარი ურჩევდა მიხეილ სააკაშვილს, რომ არ წასულიყო ამგვარ სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯზე და ასეთ პროვოკაციაზე, რაც გუშინ ვიხილეთ, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი live“ ისაუბრა. „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობების მდივანმა აღნიშნა, რომ გუშინდელმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ ოპოზიცია არჩევნების გაყალბების სცენარს ირჩევს.
„ეს სცენარი რომ არსებობდა და არსებობს, ამაში გუშინაც დავრწმუნდით, როდესაც ვნახეთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა გადადგეს ნაბიჯი, რომელსაც საბოლოო ჯამში არავინ მოელოდა. ყველა - უცხოელი თუ შინაური მეგობარი ურჩევდა მას, რომ არ წასულიყვნენ ამგვარ სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯზე და ასეთ პროვოკაციაზე, რაც გუშინ ვიხილეთ. ამიტომ, ეს უკვე თეორიული სცენარი არ არის, რომელზეც ჩვენ ეჭვი გვქონდა, არამედ ეს გაცხადებული სცენარია. შესაბამისად, რისკები არსებობს, მაგრამ სწორედ ამიტომ ვაზღვევთ ყველა საშუალებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია სააკაშვილის გადაადგილების შესახებ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.