ვფიქრობთ, არ უნდა იყოს პრობლემა, საერთაშორისო პარტნიორებს მივაწოდოთ არგუმენტები, რომლითაც გაბათილდება ეჭვები, რაზეც ოპოზიცია საუბრობდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ევროკომისიის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
„გავეცანი განცხადებას, რომელშიც გამოთქმულია მოსაზრება იმ ხარვეზებთან დაკავშირებით, რომლითაც მათი აზრით, წარიმართა პროცედურები უზენაესი სასმართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით. ეს პროცედურები სულ ახლახანს დასრულდა პარლამენტში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასე ნამდვილად არ არის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე თქმით, მზად არიან, რომ საკითხების ირგვლივ ევროკავშირთან კონსულტაციები შედგეს.
„ყურადღებას თუ მიაქცევთ, ამ თემების ირგვლივ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გამოთქმულია მზადყოფნა კონსულტაციების თაობაზე. შესაბამისად, ვფიქრობთ, არ უნდა იყოს პრობლემა, საერთაშორისო პარტნიორებს მივაწოდოთ არგუმენტები, რომლითაც გაბათილდება ეჭვები, რასთან დაკავშირებითაც ოპოზიცია დიდი ხნით ადრე საუბრობდა და ეს ყველაფერი ეჭვის დონეზე დარჩა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ევროკომისიის პრეს სპიკერი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დანიშვნები 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს ეწინააღმდეგება.