„ამერიკის შეერთებულ შტატებში ყურადღებით აკვირდებიან პროცესებს“, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დასმული კითხვის საპასუხოდ, ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა.
ნედ პრაისის თქმით, საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ მკაცრად უნდა დაგმოს ძალადობა და 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტები ზედმიწევნით უნდა იყოს გამოძიებული. სიტყვა მან ლექსო ლაშქარავას ოჯახის მიმართ სამძიმრით დაიწყო.
ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ერთი კვირის წინ, ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე, შსს-მ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძეც ატარებს. გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.
11 ივლისს, დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ, გარდაცვლილის თავის ტვინში ვერ ნახეს ვერანაირი მასიური ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო, სიკვდილი გამოეწვია.
იმავე დღეს, შსს-მ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მისი გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.
ლექსო ლაშქარავასა და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტზე, მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე, ამ დროისთვის, დაკავებულია ხუთი პირი, მათ შორის ოთხს პატიმრობა აქვს შეფარდებული.