„უნდობლობის პროცედურის დაწყებას მაშინ აქვს აზრი, როცა იცი, რომ რაღაც შედეგამდე მიხვალ“, - ასე გამოეხმაურა „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ ინიციატივას, დაიწყონ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა.
მისივე თქმით, ოპოზიცია დაიწყებს მინისტრების პორტფელების განაწილებას, რაც „სახლობანას“ დაემსგავსება.
„წინასწარ ვიცით, უნდობლობის პროცედურა რომ დავიწყოთ, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება. სამაგიეროდ, იქნება მთელი რიგი პროცესი, როცა ოპოზიცია უნდა დავსხდეთ და დავიწყოთ მინისტრების პორტფელების განაწილება, პრემიერ- მინისტრობის კანდიდატზე კონსულტაციები, რაც იქნება ძალიან სასაცილო და დაემსგავსება „სახლობანას", პირადად მე, „სახლობანაში“ მონაწილეობას არ მივიღებ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ კვლავ ბოიკოტის რეჟიმს უბრუნდება და ყოველდღიურ საპარლამენტო მუშაობაში ჩართულობაზე უარს აცხადებენ.
12 ივლისს, ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დემონსტრაციულად დატოვეს.