შალვა პაპუაშვილი: ძალიან სამწუხარო მოვლენაა, როცა მედია-მენეჯერები პირდაპირ პოლიტიკაში გადაიჭრნენ - რაც ბოლო დღეებში მათი მხრიდან ვნახეთ, პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებაა

შალვა პაპუაშვილი: ძალიან სამწუხარო მოვლენაა, როცა მედია-მენეჯერები პირდაპირ პოლიტიკაში გადაიჭრნენ - რაც ბოლო დღეებში მათი მხრიდან ვნახეთ, პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებაა

ძალიან სამწუხარო მოვლენაა, როცა მედია-მენეჯერები პირდაპირ პოლიტიკაში გადაიჭრნენ - რაც ბოლო დღეებში მათი მხრიდან ვნახეთ, პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებაა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილი იმასაც ამბობს, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები ტარდება და თუკი მედიის წარმომადგენლებს პოლიტიკური პრეტენზიები გააჩნიათ, შეუძლიათ პარტიის სახით ორგანიზდნენ, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და „პოლიტიკურ წონას თავად ამომრჩეველი მიანიჭებს მათ“.

„ეს არის პირდაპირ პოლიტიკაში შებიჯება, რაც აქამდეც ვიცოდით, რომ ასე იყო. გუშინ ვნახეთ, ერთ-ერთი ტელევიზიის ხელმძღვანელი როგორც შემოიჭრა პარლამენტის დარბაზში და დებოში მოაწყო. მიუღებელია, როცა მედია და მისი ხელმძღვანელი ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტებს სცდება და პოლიტიკური პროცესების მონაწილე ხდება. მნიშვნელოვანია, ყველამ საკუთარ პროფესიას პატივის სცეს და მედიის შემთხვევაში, ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტებით იხელმძღვანელოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 5 ივლისს მოვლენების იმდაგვარად განვითარება, რომ ძალადობას უშუალოდ მედიის მიმართ ექნებოდა ადგილი, სრულიად მოულოდნელი იყო. მან განაცხადა ისიც, დაზარალდა არა 53, არამედ 21 ჟურნალისტი, რომელთაც გარკვეული სამედიცინო ჩარევა დასჭირდა, მაგთან ექვსმა ჟურნალისტმა მძიმე დაზიანება მიიღო, ხოლო 15-მა - მსუბუქი.

„დაკავებულია 20 პირი. ძალადობას ვხედავდით პირდაპირ ეთერში და პირდაპირ ეთერში ვხედავთ დაკავებებსაც. ყველაფერი გამჭვირვალეა და არაფერი არ დაიმალება. შს მინისტრი მოვა პარლამენტში და იქნება განხილვა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.