ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება მძიმდება და ბოლო ორ კვირაში, აშკარაა კოვიდინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება.
„ეპიდსიტუაცია ძალიან მძიმეა და აყენებს განსაკუთრებულ რისკებს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზოგადად, საზოგადოების სოციალური და ნებისმიერი სხვა პროცესის განვითარების კუთხით. გუშინდელი შემთხვევების რაოდენობა 1 800-ს აღემატება. ეს, გარკვეულწილად, ჯამური მაჩვენებელია, თუმცა, მაინც მიუთითებს, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, შემთხვევების განსაკუთრებულ გააქტიურებაზე“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 377 811 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 359 939, გარდაიცვალა 5 468 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.