პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც მთავრობის გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეები „TV პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებასა და 5 ივლისს ჟურნალისტების დაშავებაზე პასუხისმგებლობას პრემიერსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს აკისრებენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში. ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს. გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.