გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს

გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს

„ტვ პირველის“ გადაწყვეტილებით, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას საქმეზე, ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს.

ტელეკომპანიის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებებს სამხარაულის ბიუროში დაესწრება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც, რომელიც სასამართლოში არხის ინტერესებს იცავს.

შსს-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გამოძიებამ ოჯახს შესთავაზა, რომ ექსპერტიზაში მონაწილეობა მათთვის სასურველ დამოუკიდებელ და საერთაშორისო ექსპერტს მიეღო.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში.

ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.