მიხეილ სარჯველაძე 5-6 ივლისის მოვლენებზე:  ნამდვილად, ობიექტურად დასაწყისში არ იყო პოლიციელების საკმარისი რაოდენობა, არ იყო ეს წინასწარ პროგნოზირებადი

მიხეილ სარჯველაძე 5-6 ივლისის მოვლენებზე:  ნამდვილად, ობიექტურად დასაწყისში არ იყო პოლიციელების საკმარისი რაოდენობა, არ იყო ეს წინასწარ პროგნოზირებადი

ნამდვილად, ობიექტურად დასაწყისში არ იყო პოლიციელების საკმარისი რაოდენობა, არ იყო ეს წინასწარ პროგნოზირებადი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, „შემდეგ, როდესაც გამოჩნდა საჭიროება, დაუყოვნებლივ ძალიან სწრაფად შეივსო“.

მან 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მისვლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულ მოვლენებზე ინტერესი დიდია, ვახტანგ გომელაურს კი მსგავსი პროცესები არ აშინებს.

„მეც მექნება კითხვა, დავაზუსტო საკითხი, ხომ არ არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება ასეთი მოვლენები განვითარებულიყო, ან რა გაკეთდა იმისთვის, რომ დაგეგმვა ყოფილიყო, თუნდაც რიცხვი 3200 როგორ გაჩნდა? რატომ არ იყო 2400, ან 4000. ეს რასაკვირველია, საჭიროებს შეფასებას, ვინ თქვა ამაზე უარი? ეს სწრაფადვე მოხდება.

არ მგონია, რომ დიდი ხანი გაჭიანურდეს. ინტერესი ძალიან დიდია. ბუნებრივია, არასდროს არავის დაუხევია ამაზე უკან. არ მგონია, ისეთ მინისტრზე გვქონდეს საუბარი, რომელსაც ეს პროცესები აშინებს. 5-ში რომ მოსულიყო პარლამენტში ეს არარელევანტური იქნებოდა და არაჯანსაღი. ოპერაციის მმართვა მიეტოვებინა და წამოსულიყო აქ დამდგარიყო 6 რიცხვში, არასწორი იქნებოდა“,- აღნიშნავს სარჯველაძე.