რამდენიმე ოპოზიციური პარტია ყოველგვარი ჩართულობის გარეშე აკეთებს განცხადებებს, რაც დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაციას ემსახურება

რამდენიმე ოპოზიციური პარტია ყოველგვარი ჩართულობის გარეშე აკეთებს განცხადებებს, რაც დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაციას ემსახურება

ეს ემსახურება ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაციას და მერე პრეტენზიები აღარ უნდა გვქონდეს, რატომ არის ნდობა დაბალი,- ასე ეხმიანება ოპოზიციის მიერ ცესკო- ს თავმჯდომარეობის პოსტზე წარდგენილი კანდიდატების კრიტიკას პარლამენტის ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე.

თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს დისკრედიტაციის ნაცვლად ჩაერთოს კანდიდატების განხილვის პროცესში.

„სანდოობა იქმნება იმით, რომ პროცესში მონაწილეობს ყველა მხარე, იმით, რომ მედია აშუქებს პროცესებს ობიექტურად და ის, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ კომენტარების სახით არის სანდოობის წინააღმდეგ. თუ ჩვენ დღეს ყველა გავაკეთებთ წინასწარ განცხადებებს, რომ ეს არის არასანდო და მომავალში არჩევნები, რომელიც ჯერ არ ჩატარებულა, უკვე არის ცუდი, საშინელი და ნდობას არ იმსახურებს, რა თქმა უნდა, მერე ვიშვიში და წუწუნი, სად არის სანდოობა და რატომ არის დაბალი, ვფიქრობ, რომ არის პოლიტიკური ინფანტილიზმი. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ინფანტილიზმს ჩვენი საზოგადოება არ მიიღებს, ისევე, როგორც მედიისგანაც მაქვს იმედი, პოლიტიკურ ინფანტილიზმს ხელს არ შეუწყობს.

რაც შეეხება ცესკო-ს მუშაობას, იცით, რომ არა მხოლოდ კანდიდატები განაპირობებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას, ასევე განაპირობებს ამას დიდწილად რეფორმირებული კანონმდებლობა, განახლებული და უფრო მეტად ძლიერი დემოკრატიული სტანდარტები, რომელიც შემოგვაქვს ამ არჩევნებში, ამაში მონაწილეობა უნდა მიეღო ოპოზიციასაც, თუმცა, ვხედავთ, ერთი ნაწილი ამაში არ არის ჩართული და დაკავებულია უფრო მარტივი საშინაო დავალებით, რაც არის სახლიდან განცხადებების კეთება, რომ ეს ყველაფერი ცუდია. საზოგადოებას სჭირდება ქმედითი პოლიტიკური სისტემა და პარტიები. ქმედითი პოლიტიკური პროცესი არ არის ის, როცა რამდენიმე ოპოზიციური პარტია ყოველგვარი ჩართულობის და მუშაობის გარეშე აკეთებს ასეთ განცხადებებს. ეს ემსახურება ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაციას და თუ ჩვენ გავაკეთებთ დისკრედიტაციას, მერე პრეტენზიები აღარ უნდა გვქონდეს, რატომ არის ნდობა დაბალი,"- განაცხადა თალაკვაძემ.