დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ცესკოს კანდიდატებთან დაკავშირებით, ოპოზიციასა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა იკამათეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული ცესკოს კანდიდატები იმის დასტურია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა მნიშვნელოვნად აიწევს.
ხატია დეკანოიძეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილმა უპასუხა. „განსაკუთრებით საკვირველია, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ მოგვიწოდებს ცესკოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. მთელი ეს პროცესი დაკავშირებულია 19 აპრილის შეთანხმებიდან გამომდინარე რეფორმასთან. არც რეფორმას და არც ხელშეკრულებას „ნაციონალურმა მოძრაობამ მხარი არ დაუჭირა. ამ ოთახში ვისხედით, სადაც ვხვდებოდით ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის და მან 6-ჯერ გაიმეორა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ყველამ უნდა მოაწეროს ხელი და 6-ჯერვე ხატია დეკანოიძეს შეხედა. ჯერ ხელი მოაწერეთო ევროკომისარმა და შემდგომ შესაძლოა ეს პრეტენზიები განხილვის საგნად დადგეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა. 11-კაციანი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი შეირჩა. რაც შეეხება წევრობის კანდიდატებს, მათგან კომისიამ ხუთი შეარჩია.