„თბილისი პრაიდის“ კვირეულში, 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა პოლონელი ტურისტი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოძალადეებმა ტურისტი საყურის გამო დაჭრეს.
ამ ფაქტს ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. ტურისტული კომპანიები და ტურიზმის სექტორში მომსახურე ადამიანები ამ ფაქტს უარყოფითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ ტურისტების რაოდენობა საქართველოში იკლებს.
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გვერდის მომხმარებლები აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ ბოლო 2 დღეში ვიზიტორებმა მათ ჯავშნები გაუუქმეს.
გამომდინარე იქიდან, რომ გაუქმების ოფიციალური მიზეზი მათთვის უცნობია, ფიქრობენ, რომ აღნიშნული 5 ივლისს ხეთაგუროვის ქუჩაზე ტურისტის დაჭრის ფაქტს უკავშირდება.
სოციალურ ქსელში ასევე წერენ, რომ მხოლოდ ჯავშნები კი არ უქმდება, არამედ ინვესტორებიც თავს იკავებენ უძრავ ქონებაში თანხის დაბანდებისგან.
რაც შეეხება მსხვილ სასტუმროებს, Old Town Mtatsminda-ს დამფუძნებელი ირაკლი გვეტაძე ამბობს, რომ გასულ 2 დღეში ათეულობით ჯავშანი გაუუქმდა.
„მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო არ გასულა, სამწუხაროდ, უკვე არის ჯავშნების გაუქმების პრეცედენტები. ეს იმიტომ, რომ ადამიანები მწვავედ რეაგირებენ მსგავს ფაქტებზე.
შესაბამისად, თავსაც არიდებენ უსაფრთხო და საფრთხის შემცველ მიმართულებებს. არც ჩვენ ვართ გამონაკლისი, პირადად ჩვენს შემთხვევაში ათეულობით ჯავშნის გაუქმებასთან გვაქვს საქმე. ეს პროცესი თუ დროულად არ დარეგულირდა და არ ჩაერთვებიან შესაბამისი უწყებები, რომლებსაც შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეთ, ეს ყველაფერი უფრო კიდევ უარესს შედეგს მოიტანს და კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზარალი გველოდება“, – ამბობს ირაკლი გვეტაძე.