ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში ჩვენ პირბადის გამოყენებაზე ჯერ უარს ვერ ვიტყვით. აქ გამოსავალია სწრაფი ვაქცინაცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხდა.
„კარგია, რომ ვაქცინების დოზები გვაქვს, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა, რომ დროულად გამოვიდეთ კრიტიკული პერიოდიდან და რისკების გადაცემა მინიმუმამდე შემცირდეს, რა თქმა უნდა, ეს იქნება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება და სწრაფი ვაქცინაცია. ეს დღეს ამ პრობლემის კრიტიკული გადაწყვეტაა“, - განაცხადა გაბუნიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 371 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 355 718, გარდაიცვალა 5 383 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.