ჩვენ არ ვესწრებით მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესს იმიტომ, რომ ვფიქრობთ ეს არის ყალბი პროცესი, ეს არის „კლანის“ მიერ თავიდანვე გაყალბებული პროცესი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მალე შექმნიან უცხოელ მოსამართლეთა პანელს, რომელიც ყველას მოხსნის და გაათავისუფლებს თანამდებობიდან, ვინც „ღირსეული არ არის“.
„მე პირობას ვაძლევ „კლანის“ მიერ წარდგენილ ყველა მოსამართლეს, რომ თქვენ დიდხანს მოსამართლეები ვერ იქნებით, რომც აგირჩიოს ამ პარლამენტმა. ძალიან მალე შევქმნით უცხოელ მოსამართლეთა პანელს, რომელიც თითოეულ უვადო დანიშვნას გაივლის, ყველას მოხსნის და გაათავისუფლებს თანამდებობიდან ვინც არ არის ღირსეული, ისევე როგორც ეს მოხდა ალბანეთში. მთავარი პირობა, რასაც ვაძლევ მოქალაქეებს ეს არის ის, რომ „კლანს“ მართლმსაჯულებას წავართმევთ და მართლმსაჯულების გასაღებს გადავცემთ საქართველოს მოქალაქეებს“, - განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისათვის, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იწყება. კომიტეტის სხდომაზე დღეს გოჩა აბისერიძეს და გიორგი გოგიაშვილს გაესაუბრებიან.