ლაშა დარსალია: 21-ე საუკუნეში გვიწევს საუბარი იმაზე, რომ ადამიანის უფლებები არა უშუალოდ მსჯელობის საკითხი, არამედ რუსეთისთვის მოლაპარაკებათა პროცესში საქართველოზე ზეწოლის იარაღია

ლაშა დარსალია: 21-ე საუკუნეში გვიწევს საუბარი იმაზე, რომ ადამიანის უფლებები არა უშუალოდ მსჯელობის საკითხი, არამედ რუსეთისთვის მოლაპარაკებათა პროცესში საქართველოზე ზეწოლის იარაღია

21-ე საუკუნეში გვიწევს საუბარი იმაზე, რომ ადამიანის უფლებები არა უშუალოდ მსჯელობის საკითხი, არამედ რუსეთისთვის მოლაპარაკებათა პროცესში საქართველოზე ზეწოლის იარაღია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

„საკითხი ძალიან რთულია. ჩვენთან ერთად პროცესში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს პარტნიორები, რაც არის წინაპირობა , რომ შედეგს მივაღწიოთ. ბატონი გახელაძის, ბებუას და ყველა სხვა დაკავებულის საქმე ქმნის ძალიან მძიმე ფონს მთლიანად მოლაპარაკებათა პროცესში. გველის საკმაოდ რთული მოლაპარაკებები ამ საკითხზე და ზოგადად რაუნდის საკითხებთან მიმართებაში. 21-ე საუკუნეში გვიწევს საუბარი იმაზე, რომ ადამიანის უფლებები არა უშუალოდ მსჯელობის საკითხი, არამედ რუსეთისთვის მოლაპარაკებათა პროცესში საქართველოზე ზეწოლის იარაღია“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ლაშა დარსალია ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების 53-ე რაუნდის ფარგლებში იმყოფება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, საქართველოსა და რუსეთს შორის შეიქმნა. ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც რუსეთი და საქართველო პარტნიორებთან ერთად საუბრობენ.