საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს ექსპერტთა ნაწილი გამოეხმაურა. ისინი საგარეო პოლიტიკაში მიღწეულ შედეგებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სწორ პოლიტიკას უკავშირებენ.
„ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში სწორ პოლიტიკას ახორციელებდა და თანმიმდევრული მიდგომა ჰქონდა ნატოსა და ევროკავშირთან. ამავდროუალდ, უცხოელი დიპლომატები უბრალოდ მხარს კი არ გვიჭერდნენ, მათ თითოეულ განცხადებას მოჰყვებოდა ხოლმე მოქმედება. რაში გამოიხატება ეს მოქმედება? ეს არის საერთაშორისო გრანტები, ტრანში, პირდაპირი დახმარება და ა.შ.“, - აცხადებს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე.
ანალიტიკოს ლევან ნიკოლეიშვილის აზრით, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ძალიან გახშირებული გამოჩენა რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული.
„მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი, საკმაოდ სწორი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯები გადადგა, ეწვია რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანას. სომხეთსა და აზერბაიჯანში მისმა ვიზიტებმა გამოიღო რეალური შედეგი, თუ გავიხსენებთ იმ ფაქტს, როდესაც მისი შუამავლობით სომხეთში 15 სამხედრო ტყვის დაბრუნება მოხერხდა“, - აცხადებს ნიკოლეიშვილი.
ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს, რომ უკანასკნელი კვირების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ არაერთი მაღალი დონის ვიზიტი და საქართველოსადმი ინტერესის არაერთი გამოხატულება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.
„აშშ-თან, ნატოსთან, ევროკავშირთან ასე ახლოს საქართველო არასოდეს ყოფილა. ეს სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა და ეს პოლიტიკა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“, - აცხადებს ბოჟაძე.
აშშ-ევროკავშირის სამიტზე მხარეებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ მიდგომას შეიმუშავებენ.