ბაიდენმა პუტინს უნდა უთხრას, რომ მათ პატივი უნდა სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, შეწყვიტონ ჩვენს შიდა საქმეებში და განსაკუთრებით არჩევნებში ჩარევა, იმოქმედონ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დაცვით, - ამის შესახებ ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა „იმედინიუსთან“ საუბარში განაცხადა.
„ყველა ველოდებით ბაიდენი-პუტინის შეხვედრის შედეგებს. ჩემთვის მაინც ცოტა გაუგებარია, თუ რატომ შესთავაზა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს შეხვედრა. ახალმა ადმინისტრაციამ თავიდან ძალიან მკაცრი მიდგომა დააფიქსირა. მოვისმინეთ არაერთი განცხადება უკრაინის შესახებ. ითქვა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა აშშ-ისთვის პრიორიტეტული საკითხი იქნება. ბაიდენმა პუტინს მკვლელი უწოდა და თითქოს შემდეგ ცოტა უკან დავიხიეთ. მე იმედი მაქვს, რომ აშშ-ის ხელისუფლება არ დაუშვებს შეცდომას, რომელიც ტრამპის, ობამას, ბუშის ადმინისტრაციების დროს ვნახეთ, როდესაც რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების შესაძლებლობა დაუშვეს და ყველა მცდელობა ბოლოს იმედგაცრუებით დასრულდა. ეს მოხდა, რადგან ვიფიქრეთ, რომ რუსეთი ჩვენს მსგავსად ფიქრობს და არ ვაღიარეთ, რომ რუსეთი მხოლოდ ძალას სცემს პატივს და დანარჩენი არ აინტერესებს და არც აღელვებს. რუსეთს მივეცით უფლება, რომ ჩვენ იმედგაცრუებულები დავრჩენილიყავით. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი და მისი გუნდი ძალიან კარგად არის მომზადებულა ჟენევის სამიტისთვის და უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ბაიდენი პარტნიორებთან შეხვედრები პუტინთან მოლაპარაკებამდე ნატოსა და ევროკავშირში. ბაიდენმა ყველა მოკავშირის მოსაზრება იცის და ის ძალიან თვითდაჯერებული უნდა იყოს და იმედი მაქვს, ასეც იქნება რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე. კოორდინაცია ნატოს წევრებთან და მათი პერსპექტივიდან ამ შეხვედრის დანახვა გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა და ეს უნდა სცოდნოდა ვლადიმერ პუტინს. რუსეთის პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ ნატოც და ევროკავშირიც ერთიანია და ეს ერთიანობა ალიანსმა არაერთხელ დააფიქსირა. ბაიდენმა პუტინს უნდა უთხრას, რომ მათ პატივი უნდა სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, შეწყვიტონ ჩვენს შიდა საქმეებში და განსაკუთრებით არჩევნებში ჩარევა, იმოქმედონ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დაცვით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბაიდენის გზავნილი იქნება მკაფიო, ნათელი და ძალიან ძლიერი“, - აცხადებს ბენ ჰოჯესი.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პუტინს უნდა უთხრას, რომ რასაც ის დონბასში აკეთებს, ამას ვერავინ შეეგუება.
„ეს უკანონო ქმედებაა, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესიული მოქმედება, უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლის ხელყოფა, დესტაბილიზაციის შექმნა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ტექსტი მკაცრად უნდა ითქვას. დიახ, ჩვენ გვინდა რუსეთთან პროგნოზირებადი და სტაბილური ურთიერთობები, მაგრამ როდესაც ევროპული ავიაკომპანიის თვითმფრინავს მიმართულებას უცვლიან და ყველამ ვიცით, რომ ინფორმაცია რუსეთს ექნებოდა და მათი თანხმობის გარეშე ეს არ მოხდებოდა, ძალიან რთულია პროგნოზირებად ურთიერთობებზე ფიქრი. ყველა ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით თითოეულ გზავნილს შვეიცარიიდან და უმნიშვნელოვანესი იქნება ჟენევის სამიტის შემდგომ განვითარებული მოვლენები. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად უფრო აქტიური უნდა გახდეს გერმანია და საფრანგეთი. ჟენევის შეხვედრას ყველა ელოდება და ლიდერების საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს უდიდესი მნიშვნელობა ექნება. რუსეთს არ უნდა მიეცეს ამ პოლიტიკის გაგრძელების შესაძლებლობა და ეს მათ ყველამ ძალიან მკაფიოდ უნდა უთხრას. რუსეთს დღეს საერთოდ არ აინტერესებს საერთაშორისო სამართლის პრინციპები, ისინი არ სცემენ პატივს ევროკავშირსა და აშშ-ს, ამიტომ პირველ რიგში ბაიდენმა პუტინთან შეხვედრაზე პატივისცემა უნდა მოითხოვოს“, - განაცხადა ჰოჯესმა.