ზაფხულის პერიოდი უნდა გამოვიყენოთ, რომ სკოლა უსაფრთხო გახდეს, პედაგოგები აცრილები იყვნენ. ასევე, უმაღლესი სასწავლებლებიც უსაფრთხო გახდეს, პროფესორები და სტუდენტები აცრილები იყვნენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აცრა იძულებითი ღონისძიება არ იქნება.
„რა თქმა უნდა, ეს არ იქნება იძულებითი ღონისძიება, თუმცა, კერძო სასწავლებლებს შეუძლიათ თავიანთ კონტრაქტებში გაითვალისწინონ ეს. ალბათ, იცით, რომ ბევრ ქართველ სტუდენტს, რომელიც საზღვარგარეთ სასწავლებლად მიდის, არ იღებენ, თუ აცრილი არ არის. ეს ნორმალური პრაქტიკაა მსოფლიოში “, - აღნიშნავს პაატა იმნაძე.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.