ჰელგა მარია შმიდი: ეუთო მუშაობს ხალხის კეთილდღეობისთვის - იმ სირთულეების შესამსუბუქებლად, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას აქვს

ჰელგა მარია შმიდი: ეუთო მუშაობს ხალხის კეთილდღეობისთვის - იმ სირთულეების შესამსუბუქებლად, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას აქვს

ეუთოს გენერალურმა მდივანმა, ჰელგა მარია შმიდმა, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში რიგით მეასე შეხვედრის მიმდინარეობისას, შესვენების დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სრულად ფლობს ინფორმაციას ზაზა გახელაძის საკითხზე და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მთავარი მიზანი სწორედ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების შემსუბუქებაა.

„ეუთო მუშაობს ხალხის კეთილდღეობისთვის - იმ სირთულეების შესამსუბუქებლად, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას აქვს. ესაა კონკრეტული, ყოველდღიური საკითხები და უსაფრთხოება. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები არის უმნიშვნელოვანესი საფუძველი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისთვის. ძალიან კარგად ვიცი არსებული საკითხების შესახებ, მაგალითად, გახელაძის საკითხი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზეა საუბარი“, - აღნიშნა ჰელგა მარია შმიდმა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის და ლაშა ხეთერელის უპირობო გათავისუფლებას.

მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე ყველა იმ ინციდენტს განიხილავენ, რაც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გარემოს აზიანებს. მათ შორის, უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები. უსაფრთხოების გარდა, საუბარი ჰუმანიტარულ საკითხებსაც შეეხება.