„ევროკავშირი, ისევე, როგორც ეუთო, ძალიან მონდომებულია, იმუშაოს უსაფრთხოებისა და მედიაციისთვის, რათა მოიძებნოს კონკრეტული გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის დირექტორმა, იოანეკე ბალფორტმა, ერგნეთში, რომელიც საქართველოს ბრიუსელიდან ეწვია.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართულ მეასე შეხვედრაზე დასწრება. მადლობას ვუხდი ამ შეხვედრის ყველა მონაწილეს მონდომებისთვის, რომ გამონახონ პრაქტიკული გადაწყვეტილებები, რომლებიც საჭიროა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის. ევროკავშირი ერგნეთში წარმოდგენილია სადამკვირვებლო მისიით. რათა წარმოვაჩინოთ ჩვენი მონდომება და მხარდაჭერა. დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს საუკეთესოს ვუსურვებ, რათა საუკეთესო გამოსავალი და გადაწყვეტილებები მოიძებნოს“, - აღნიშნა იოანეკე ბალფორტმა.
დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში რიგით მეასე შეხვედრა იმართება. შეხვედრას დაესწრო ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის და ლაშა ხეთერელის უპირობო გათავისუფლებას. მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე ყველა იმ ინციდენტს განიხილავენ, რაც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გარემოს აზიანებს. მათ შორის, უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები. უსაფრთხოების გარდა, საუბარი ჰუმანიტარულ საკითხებსაც შეეხება.