დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ზაფხულში, ვაქცინაციის ტემპის მეტად გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი სასწავლო წლის უსაფრთხო გარემოში დასაწყებად, იმუნიზაცია აუცილებელია.
„ზაფხულში, აცრების მაქსიმალური რაოდენობა უნდა ჩავატაროთ, რათა უსაფრთხოდ შევხვდეთ სწავლის დაწყებას. ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში მივა, ორჯერადად უნდა იყოს აცრილი. ასევე, სკოლის ყველა მასწავლებელი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, რათა სკოლა იყოს უსაფრთხო ბავშვებისთვის. ამასთან, საჯარო დაწესებულებები, ტელევიზიები - შვებულების შემდეგ. გიდასტურებთ, რომ ივლისსა და აგვისტოში გვექნება ვაქცინების საკმარისი რაოდენობა, ასარჩევადაც კი შეიძლება გვქონდეს საქმე. ასე რომ, აიცერით ყველა“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
რომელი ვაქცინების რამდენ დამატებით დოზას ელის საქართველო ახლო მომავალში, დეტალურად, ნახეთ ამ ბმულზე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 355 368 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 341 103, გარდაიცვალა 5 083 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.