საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, მედიკოსები ამბობენ, რომ ყველა რეკომენდაცია უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით, იმ დროს, როდესაც ზღვის სეზონი ახლოვდება, ხალხმრავალი ადგილების რაოდენობაც იზრდება და შესაბამისად, ინფიცირების რისკიც მაღალია.
„თუ ბოლო რამდენიმე კვირის დინამიკას გადავხედავთ, სტაბილური ეპიდსიტუაცია გვაქვს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ახალი შემთხვევების მატება არ აღინიშნება, არის კლება, თუმცა, მაინც, დღის განმავლობაში, რამდენიმე ასეული შემთხვევა ვლინდება, რაც საყურადღებოა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა. ამ რეკომენდაციების შესახებ ყველამ კარგად ვიცით", - აცხადებს ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.
რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობასა და ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი, ნათია გორდაძე.
„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილურობაზე მიანიშნებს ის, რომ, დღიურად, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 000-ს არ აჭარბებს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რეკომენდაციები უგულებელყოფილი უნდა იყოს. მოგეხსენებათ, უახლოეს პერიოდში, ქვეყანაში გაჩნდება სხვადასხვა სახეობის, რამდენიმე ვაქცინა. აქ ჯერი უკვე მოსახლეობაზე იქნება, თუ რამდენად ჩაერთვებიან იმუნიზაციის პროცესში", - განაცხადა ნათია გორდაძემ.