ალუდა ღუდუშაური არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის საქმიანობაზე: ეს იქნება უაღრესად გამჭვირვალე და ღია პროცესი

ალუდა ღუდუშაური არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის საქმიანობაზე: ეს იქნება უაღრესად გამჭვირვალე და ღია პროცესი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები ისევე გამჭვირვალედ და ღიად გაგრძელდება, როგორც ეს ამ დრომდე ხდებოდა.

„საგამოძიებო კომისია დაიბარებს და გამოკითხავს ვაკის საარჩევნო უბნის პერსონალს. ყველა პროცესი, მათ შორის, გამოკითხვა და მათი მხრიდან კითხვებზე პასუხი, იქნება ღია, საჯარო, როგორც ეს აქამდე მიმდინარეობდა. ჩვენი საზოგადოების ყველა წევრს საშუალება ექნება, რომ პირდაპირ ეთერში იხილოს ეს ყველაფერი. ეს იქნება უაღრესად გამჭვირვალე და ღია პროცესი“, - აღნიშნავს ალუდა ღუდუშაური.

დღეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომის მიზანია ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრებისგან ახსნა-განმარტებების მიღება. ასევე გაანალიზდება პროკურატურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხელახლა გადაითვალა შემთხვევითობის პრინციპის საფუძველზე შერჩეული 20 უბანი, სადაც, როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, მნიშვნელოვანი დარღვევები არ დადასტურებულა.