ირაკლი ღარიბაშვილის საერთაშორისო იმიჯმა შედეგი გამოიღო - ასეთია შეფასება, რომელსაც ამირან სალუქვაძე გამოთქვამს. ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ამბობს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა კონფლიქტში მონაწილე მხარეს, დანაღმული ტერიტორიების შესახებ, მონაცემები გადაეცა.
„დავინახეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აღმოჩნდა ზუსტად ის პირი დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში, რომელმაც ეს როლი იკისრა და შეასრულა. აღმოჩნდა, რომ მას საკმაოდ მაღალი ხარისხის ნდობა აქვს როგორც ერთი ქვეყნის ლიდერთან - ილჰამ ალიევთან, ასევე მეორე ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელთან - ნიკოლ ფაშინიანთან“, - აცხადებს სალუქვაძე.
ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით, სომხეთმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანს გადასცა ერთ-ერთი ტერიტორიის ანტისანაღმო რუკები, რომელსაც ის კონფლიქტამდე აკონტროლებდა და შემდეგ, ბაქოს კონტროლქვეშ აღმოჩნდა.