თანამედროვე წუთისოფელში ღალატი იმდენად ჩვეულ ფენომენად გადაიქცა, რომ არც მისი ჩადენა, არც მის გარშემო მიმდევართა შემოკრება - პრობლემას აღარ წარმოადგენს - ექსპერტი დავით ქართველიშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება.
,,იუდა ისკარიოტელის საქციელი ყველასთვის ცნობილია, თუმცა აქაც შეიძლება ყურადღების გამახვილება ძალზე მნიშვნელოვან დეტალებზე. ბოლო-ბოლო ღალატის ჩადენაში აღებული ფული - უკან დააბრუნა. ფიზიკურ გადარჩენამდე და სულიერ შენდობამდე ერთი ნაბიჯიღა აკლდა - ფულის დაბრუნება, მონანიების ნიშანი იყო, ცოდვისაგან განთავისუფლებისათვის კი - ერთი სიტყვა უნდა ეთქვა მაცხოვართან: მაპატიე!
მაგრამ იუდამ საკუთარ თავს თავად გამოუტანა განაჩენი - ჩადენილი დანაშაული იმდენად უპატიებელ კატეგორიაში გაიყვანა, რომ თავი მოიკლა. არ შექმნა "უფლის მოციქულის" პარტია ან სექტანტური მოძრაობა "იუდას გზა" - უკვე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულს ახალი აღარ მიამატა. მკრეხელობაა - იუდას ბიოგრაფიაში "ღირსების" მაგვარი რამ დაინახო, მაგრამ თანამედროვე წუთისოფელში ღალატი იმდენად ჩვეულ ფენომენად გადაიქცა, რომ არც მისი ჩადენა, არც მის გარშემო მიმდევართა შემოკრება - პრობლემას აღარ წარმოადგენს.
თანაც, ეს ყოველივე ისე ხდება - რომ ერთადერთი, რაშიც იუდას არ ბაძავენ - ფულის დაბრუნებაა. დღეს ეს აღარავის უნდა. "ფულში" აქ იგულისხმება როგორც რეალური ფულადი ერთეულები, უძრავი და მოძრავი ქონება, ასევე პოლიტიკაში "ფლოსტებით" მოსულებისთვის - მოპოვებული ძალაუფლება, ფინანსური პირამიდებისა და კლანების შექმნა. ასევე - ელემენტარული მადლიერების გრძნობის გამოხატვა იმ ადამიანთან მიმართებაში, რომლის მეშვეობითაც მოხვდი ამ "მეინსტრიმში" და რომლის ზურგს უკან ვერცხლისმოყვარეობასა შინა ნებივრობდი.'' - წერს საკუთარ facebook-ის გვერდზე დავით ქართველიშვილი.