მიგვაჩნია, რომ სახალხო დამცველს პანსიონში შესვლისა და ვითარების შესწავლის საშუალება უნდა მიეცეს, მან უნდა შეისწავლოს თუ რა ვითარებაში არიან ბავშვები, - ამის შესახებ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედმა ხელმძღვანელმა, ანნა ჩერნიშოვამ განაცხადა.
„ნინოწმინდაში განვითარებული მოვლენების გამო გაერომ შეშფოთება გამოთქვა, UNICEF-მა განცხადებაც გააკეთა. მიგვაჩნია, რომ სახალხო დამცველს პანსიონში შესვლისა და ვითარების შესწავლის საშუალება უნდა მიეცეს, მან უნდა შეისწავლოს თუ რა ვითარებაში არიან ბავშვები. ჩვენი მტკიცე პოზიციაა, რომ ამ მხრივ ძალიან ეფექტური რეაგირება განხორციელდეს“, - განაცხადა ჩერნიშოვამ.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სავარაუდო ძალადობის შესახებ, თავად ბენეფიციარები „ქრონიკასთან“ ალაპარაკდნენ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი, მათივე თქმით, ორი დღის წინ მოხდა. არასრულწლოვნები ამბობენ, რომ შემთხვევების შესახებ მეუფე სპირიდონი არ იყო ინფორმირებული, მათზე აღმზრდელები ზემოქმედებნენ. რომელთა ნაწილი გათავისუფლებულია, თუმცა ნაწილი ისევ ადგილზე რჩება. კითხვაზე - იცოდა თუ არა მეუფე სპირიდონმა ამ ფაქტების შესახებ, ბავშვები ამბობენ, რომ მათ ვერ შეძლეს მეუფესთვის ეთქვათ, როგორ ძალადობდნენ მათზე აღმზრდელები და ასევე ვერ მოახერხეს, რომ ეს ამბავი ვინმესთვის ეთქვათ.
3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა და სააგენტომ უკვე უზრუნველყო მათი სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა. სააგენტოს მიერ რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, კიდევ 10 ბავშვის გადაყვანაზე მიმდინარეობდა მუშაობა. 4 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ნინოწმინდის პანსიონიდან რამდენიმე არასრულწლოვანი გამოიყვანეს.