„ეს ძალიან სამწუხარო ამბავია და მნიშვნელოვანია, მას რეაგირება მოჰყვეს“, - ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
მისი თქმით, ყველა ბავშვს აქვს უფლება, არ იყოს ძალადობისა და ჩაგვრის მსხვერპლი.
„მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ, რომელიც სწორედ ამ გარანტიების დაცვაში მდგომარეობს, ყველაფერი გააკეთოს ბავშვების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დასაცავად. ევროკავშირი, UNESCO-სთან და პარტნიორებთან ერთად, მხარს უჭერს ამ მიზნის განხორციელებლად. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ არსებობს ბავშვების უფლებების კოდექსი. პარლამენტი უფლებამოსილია, მოუწოდოს მთავრობას, შეიმუშაოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ამ საკითხზე. ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, ომბუდსმენმა თავისი ვალდებულებები განახორციელოს“, - განაცხადა დიპლომატმა.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სავარაუდო ძალადობის შესახებ, თავად ბენეფიციარები „ქრონიკასთან“ ალაპარაკდნენ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი, მათივე თქმით, ორი დღის წინ მოხდა. არასრულწლოვნები ამბობენ, რომ შემთხვევების შესახებ მეუფე სპირიდონი არ იყო ინფორმირებული, მათზე აღმზრდელები ზემოქმედებნენ. რომელთა ნაწილი გათავისუფლებულია, თუმცა ნაწილი ისევ ადგილზე რჩება. კითხვაზე - იცოდა თუ არა მეუფე სპირიდონმა ამ ფაქტების შესახებ, ბავშვები ამბობენ, რომ მათ ვერ შეძლეს მეუფესთვის ეთქვათ, როგორ ძალადობდნენ მათზე აღმზრდელები და ასევე ვერ მოახერხეს, რომ ეს ამბავი ვინმესთვის ეთქვათ.
3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა და სააგენტომ უკვე უზრუნველყო მათი სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა. სააგენტოს მიერ რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, კიდევ 10 ბავშვის გადაყვანაზე მიმდინარეობდა მუშაობა. 4 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ნინოწმინდის პანსიონიდან რამდენიმე არასრულწლოვანი გამოიყვანეს.