„ამ წუთას, სოციალურ მუშაკებს ერთი ამოცანა აქვთ: გაარკვიონ, აქ მყოფი ბავშვებიდან, ვის აქვს სურვილი, რომ აქედან სადმე წავიდეს, თუ არ აქვთ ამის სურვილი“, - განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ნინოწმინდაში, ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ეს მხოლოდ ბავშვის სურვილზე არაა დამოკიდებული, რადგან, გააჩნია, სად უნდა მას წასვლა და სადაც წავა, იქაც უნდა ჩავიდნენ ეს სოცმუშაკები. მაგალითად, ერთ-ერთი ბავშვის მშობელი შშმ პირების საცხოვრებელში ცხოვრობს და ბავშვს მასთან უნდა ცხოვრება. ანუ, ეს რთული პროცესია. მე გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ ჩვენც, რაღაცნაირი, ნდობა გამოვუცხადოთ სოცმუშაკებს, პიროვნულად, არ არიან ცუდი ადამიანები. სავარაუდოდ, სოცმუშაკები დღეს აქედან არ გამოვლენ. არ ვიცი, მეუფე სპირიდონი, საბოლოო ჯამში რას გადაწყვეტს, მაგრამ, ბავშვებს რომ ასეთ სტრესულ ვითარებაში არ ელაპარაკონ, გადავწყვიტეთ, რომ სოცმუშაკები რამდენიმე დღით, ღამითაც, დარჩნენ აქ, იყვნენ ამ ბავშვებთან, იცხოვრონ ცოტა ხანი, გაიცნონ“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ნინოწმინდის პანსიონიდან რამდენიმე არასრულწლოვანი გამოიყვანეს.
იქამდე, პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლები შევიდნენ. ადგილზე არიან სოციალური მუშაკები და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლებიც.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა და სააგენტომ უკვე უზრუნველყო მათი სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა. სააგენტოს მიერ რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, კიდევ 10 ბავშვის გადაყვანაზე მიმდინარეობდა მუშაობა.
3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სავარაუდო ძალადობის შესახებ, თავად ბენეფიციარები „ქრონიკასთან“ ალაპარაკდნენ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი, მათივე თქმით, ორი დღის წინ მოხდა. არასრულწლოვნები ამბობენ, რომ შემთხვევების შესახებ მეუფე სპირიდონი არ იყო ინფორმირებული, მათზე აღმზრდელები ზემოქმედებნენ. რომელთა ნაწილი გათავისუფლებულია, თუმცა ნაწილი ისევ ადგილზე რჩება. კითხვაზე - იცოდა თუ არა მეუფე სპირიდონმა ამ ფაქტების შესახებ, ბავშვები ამბობენ, რომ მათ ვერ შეძლეს მეუფესთვის ეთქვათ, როგორ ძალადობდნენ მათზე აღმზრდელები და ასევე ვერ მოახერხეს, რომ ეს ამბავი ვინმესთვის ეთქვათ.