პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების" წევრები, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობიდან მათ გუნდს შეუერთდნენ.
კითხვაზე, დაშლის თუ არა გიორგი გახარია უმრავლესობას, მეზვრიშვილის განცხადებით, „არაფერია გამორიცხული".
„არაფერია გამორიცხული, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ჩვენი გუნდის ღირებულებებს, სამომავლო გეგმებს. ძალიან ბევრი ახალგაზრდა გვიერთდება და უერთდება ჩვენი გუნდის მთავარ პრინციპს - სამომავლოდ რომ დავასრულოთ რადიკალიზაციაზე, ერთმანეთის დაჭმაზე დაფუძნებული პოლიტიკა. მათ შორის „ქართულ ოცნებაში" ბევრი ღირსეული ადამიანია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანებიც დაიღალნენ. დაველოდოთ, არაფერია გამორიცხულია. შევხედოთ ვინ შემოგვემატება და მომავალზე შემდეგ ვისაუბროთ", - განაცხადა მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში".