მზად ვართ შეხვედრისთვის, ველოდებით პარლამენტის თავმჯდომარეს და როგორც ვიცი, ორშაბათამდე იქნება ეს შეხვედრა, რათა პოზიციები დაახლოვდეს ამნისტიის კანონპროექტზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯაგალაძემ განაცხადა.
„პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა საინტერესო წინადადება, რომ შევხვედრილიყავით ხელისუფლება და ოპოზიციის წარმომადგენლები, რათა მომხდარიყო პოზიციების დაახლოება. ჩვენ მზად ვართ შეხვედრისთვის, ველოდებით პარლამენტის თავმჯდომარეს და მე როგორც ვიცი, ორშაბათამდე იქნება ეს შეხვედრა, რათა პოზიციები დაახლოვდეს.
თუ იგივე სულისკვეთება ექნება ხელისუფლებას, რომელსაც ამჟღავნებდა საარჩევნო კოდექსზე მუშაობის დროს, პოზიციები დაახლოვდება, თუ არა - იქნება ცალ-ცალკე კანონპროექტები“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს უმრავლესობიდან შესთავაზა დოკუმენტის მათი ვერსიიდან ამოიღონ ჩანაწერი ამნისტიაზე თანხმობასთან დაკავშირებით, ოპოზიციას კი სთავაზობს, უარი თქვას ჩანაწერზე დაზარალებულის თანხმობის შესახებ.