შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, ბავშვთა პანსიონში იყოს მონიტორინგი, მათ შორის ომბუდსმენის მხრიდან

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, ბავშვთა პანსიონში იყოს მონიტორინგი, მათ შორის ომბუდსმენის მხრიდან

დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში სახალხო დამცველი აღნიშნულ დაწესებულებაში შეძლებს მონიტორინგის განხორციელებას, - ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ბავშვთა პანსიონში იყოს მონიტორინგი, მათ შორის ომბუდსმენის მხრიდან და მეორე მხრივ, ჩარევა უნდა მოხდეს ისე, რომ ბავშვების ინტერესი არ დაზიანდეს.

„მთავარია, სახელმწიფოს ჰქონდეს შესაბამისი მონიტორინგის შესაძლებლობები. 19 აპრილიდან სოციალური მუშაკი შესულია ნინოწმინდის პანსიონში და აკვირდება მდგომარეობას. გარდა ამისა, ვიცით, რომ დღეს სოციალური მუშაკების და მონიტორინგის ჯგუფი შევიდა, კონტაქტი აქვთ დამყარებული ყველა ბავშვთან. ასე რომ, რაიმე მყისიერი საფრთხე იქ არ არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს აქვს კონტროლის შესაძლებლობა, თუმცა ეს თავისთავად არ ანაცვლებს ომბუდსმენის მხრიდან მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას და ამ კუთხითაც დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ეს საკითხიც გადაწყდება.

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებები და ბავშვები. ჩარევაც უნდა იყოს იმგვარი, რომ თავად ბავშვების ინტერესი არ დაზიანდეს. ასე რომ, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, იყოს კონტროლი და მონიტორინგი, მათ შორის ომბუდსმენის მხრიდან, იქ არსებულ პირობებზე და მეორე მხრივ, ჩარევა უნდა მოხდეს ისე, რომ ბავშვების ინტერესი არ დაზიანდეს, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სავარაუდო ძალადობის შესახებ, თავად ბენეფიციარები „ქრონიკასთან“ ალაპარაკდნენ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი, მათივე თქმით, ორი დღის წინ მოხდა. არასრულწლოვნები ამბობენ, რომ შემთხვევების შესახებ მეუფე სპირიდონი არ იყო ინფორმირებული, მათზე აღმზრდელები ზემოქმედებნენ. რომელთა ნაწილი გათავისუფლებულია, თუმცა ნაწილი ისევ ადგილზე რჩება. კითხვაზე - იცოდა თუ არა მეუფე სპირიდონმა ამ ფაქტების შესახებ, ბავშვები ამბობენ, რომ მათ ვერ შეძლეს მეუფესთვის ეთქვათ, როგორ ძალადობდნენ მათზე აღმზრდელები და ასევე ვერ მოახერხეს, რომ ეს ამბავი ვინმესთვის ეთქვათ.

შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.