ბავშვზე ზრუნვის საერთაშორისო და ადგილობრივი წესები უპირობოდ ყველგან უნდა იყოს დაცული, არ აქვს მნიშვნელობა საეკლესიო დაწესებულებაა, თუ საერო, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საბედნიეროდ, პანსიონში უკვე ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტების დიდი ჯგუფი არის მონიტორინგზე შესული და თავიანთ მოვალეობას ასრულებენ.
„ჩემი აზრით, ეს ვითარება აქამდე არ უნდა მისულიყო არცერთ შემთხვევაში, მით უმეტეს, ის გაურკვეველი სიუჟეტები, რაც გადიოდა სხვადასხვა მედიაში, სხვა ბავშვებს სტრესავს, უბრალოდ არ შეიძლება. კონსულტაციები უნდა აიღონ ამ ადამიანებმა, ვიდრე ასეთ ნაბიჯებს გადადგამენ. დღეს რაც ხდება, აქამდე ვითარება არ უნდა მისულიყო და უფრო ადრე უნდა მოგვარებულიყო. ვფიქრობ, დღევანდელი მონიტორინგი მოგცემს იმის საშუალებას, რომ მონიტორინგისთვის შევიდეს სახალხო დამცველი ან ვინმე სხვა, ვინც საჭირო იქნება და შეასრულოს თავისი მოვალეობა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სავარაუდო ძალადობის შესახებ, თავად ბენეფიციარები „ქრონიკასთან“ ალაპარაკდნენ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი, მათივე თქმით, ორი დღის წინ მოხდა. არასრულწლოვნები ამბობენ, რომ შემთხვევების შესახებ მეუფე სპირიდონი არ იყო ინფორმირებული, მათზე აღმზრდელები ზემოქმედებნენ. რომელთა ნაწილი გათავისუფლებულია, თუმცა ნაწილი ისევ ადგილზე რჩება. კითხვაზე - იცოდა თუ არა მეუფე სპირიდონმა ამ ფაქტების შესახებ, ბავშვები ამბობენ, რომ მათ ვერ შეძლეს მეუფესთვის ეთქვათ, როგორ ძალადობდნენ მათზე აღმზრდელები და ასევე ვერ მოახერხეს, რომ ეს ამბავი ვინმესთვის ეთქვათ.
შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.