გვაქვს სრული მხარდაჭერა ამერიკელი მეგობრების მხრიდან და ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება, კიდევ უფრო ხშირი იქნება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სენატორებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ქვეყნისთვის გამოკვეთილია.
„ეს არის ნატოში გაწევრიანება, საგარეო გამოწვევები, ეს არის შიდა გამოწვევები, მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიერ განიხილება, როგორც გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი რეფორმა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.
გვქონდა ძალიან შინაარსიანი და კარგი საუბარი. უნდა ითქვას, რომ ისეთი საკითხები, როგორიც არის ნატო-ში გაწევრიანება იმ ფორმულით, როდესაც შესაძლებელია, ჩვენ გავხდეთ ნატო-ს წევრი, ოღონდ მეხუთე მუხლი არ ამოქმედდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და ამოქმედდება მაშინ, როცა მოხდება ამ რეგიონების რეინტეგრირება ჩვენს ქვეყანაში – ეს თემაც იყო განხილული. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ მოლაპარაკებებმა რუსეთთან, ჟენევის ფორმატში აიწიოს დონე და სახელმწიფო მდივნის დონეზე მოხდეს ამ პრობლემის განხილვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ დავძრათ ეს დეოკუპაციის უმნიშვნელოვანესი თემა. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ამერიკელი მეგობრების მხრიდან და ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება, კიდევ უფრო ხშირი იქნება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
საქართველოს სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით კონგრესის დელეგაცია ეწვია.