რომან პროტასევიჩის მამა შვილის ინტერვიუზე:  მათ ის გატეხეს და ის ათქმევინეს, რაც სჭირდებოდათ

რომან პროტასევიჩის მამა შვილის ინტერვიუზე:  მათ ის გატეხეს და ის ათქმევინეს, რაც სჭირდებოდათ

ბელარუსში დაკავებული ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის მამა სახელმწიფო ტელეარხის მიერ გავრცელებულ შვილის ინტერვიუს ეხმიანება და აცხადებს, რომ ის იძულების ქვეშ არის ჩაწერილი.

"მე ჩემს შვილს კარგად ვიცნობ და მჯერა, რომ ის არასდროს იტყოდა ასეთ რამეს. მათ ის გატეხეს და ის ათქმევინეს, რაც სჭირდებოდათ ", - თქვა მან.

ცნობისათვის, გუშინ ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხმა ONT-მ ინტერვიუ გაავრცელა, სადაც ჟურნალისტი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ორგანიზებას აღიარებს და ალექსანდრე ლუკაშენკოს აქებს.

ჟურნალისტი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ლუკაშენკოს ბევრს აკრიტიკებდა, მაგრამ აცნობიერებს, რომ ის სწორად იქცეოდა და ახლა პატივს სცემს მას.

ინტერვიუს ბოლოს ცრემლმორეული ჟურნალისტი ამბობს, რომ იმედი აქვს, ერთ დღეს დაქორწინდება და შვილები ეყოლება.

ბელარუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვესნა“ აცხადებს, რომ ინტერვიუ ზეწოლის ქვეშ არის ჩაწერილი.

„ყველაფერი, რასაც პროტასევიჩი ამბობს, ზეწოლის ქვეშ იყო ნათქვამი. მინიმუმ, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. ნამდვილი პროპაგანდაა, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია“, - განაცხადა უფლებადამცველი ცენტრის ხელმძღვანელმა, ალეს ბელიაცკიმ.

შეგახსენებთ, თვითმფრინავი, რომელიც ათენი ვილნიუსის რეისს ასრულებდა და რომელშიც რომან პროტასევიჩი იჯდა, 23 მაისს მინსკის აეროპორტში იძულებით დასვეს და ჟურნალისტი, მეგობარ გოგონასთან ერთად, დააკავეს.