კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამხელა მეგობრები გვყავს ჩვენი ამერიკელი მეგობრების სახით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სენატორებმა დეტალურად იციან ის, რაც ხდება საქართველოში.
„როცა მკითხეს, რა არის ნომერ პირველი პრობლემა საქართველოში - ნომერ პირველი პრობლემა ქვეყანაში არის შიმშილი, მართლა ასეა და ჩვენ გვჭირდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამერიკასთან და მათ გვითხრეს, რომ შეიძლება ამაზე საუბარი, ამის განხილვა და ყოველ შემთხვევაში დისკუსიის დაწყება ამაზე. ველაპარაკეთ სასამართლოს ანტიკორუფციული მექანიზმების შექმნაზე. ასევე, შარლ მიშელის შეთანხმებაზე ვილაპარაკეთ, რომელიც მათთვისაც არის როგორც ლაკმუსის ქაღალდი ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის და ამას ძალიან დიდ მნიშვნელობა აქვს და გვითხრეს და დაგვიდასტურეს, რომ სრული მხარდაჭერა ექნება საქართველოს.
ადამიანურად ვთხოვეთ, რომ როგორმე ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაში დაგვეხმარონ და აქაც გვითხრეს, რომ რა თქმა უნდა, ამაზეც იქნება საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამერიკელ სენატორებთან ჯინ შაჰინთან და რობ პორტმანთან საქმიანი ვახშამი გამართეს.
საქართველოს სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით კონგრესის დელეგაცია ეწვია.